четверг, 17 августа 2023 г.

უსათაურო

 ამ სამყაროში იმ სამყარომდე, 

როგორ ც მე მსურდა, ისე ვიარე.

ვნანობ, უფალო ,ამ სამყაროში 

ეს გზები როგორც გამოვიარე.

იმ სამყაროში როგორც შენ ა გსურს ,

ისე დავიწყებ ალბათ სიარულს .

ვიცი, უფალო, შენ მომიშუშებ ამ სამყაროში ნატკენ იარებს.

ჩემეული ფრაზები ჩემგან

 ხალხს ასე გვჩვევია_ უაზრო აზრებს უფრო ვახმაურებთ,ვიდრე აზრიანს.


ყველა გზა მოდის ბავშვობიდან, მაგრამ არცერთი არ ბრუნდება უკან.


სინათლე ყოველთვის სჯობნის სიბნელეს, მაგრამ სიბნელით  ფასდება სინათლე.

💫პატივი ეცი იმას ,გუშინ რაც გქონდა , მადლობა თქვი იმისთვის,რაც გაქვს დღეს, რადგან არ იცი,რა გექნება ხვალ.


არ არსებობს ბედნიერება, არსებობს დამოკიდებულება, რომელსაც ქმნი, მაგრამ არსებობს დამოუკიდებლად არსებული უბედურება, რომელსაც შენ არ ქმნი.


სხეულის გამოფენა სხვა არაფერია ,თუ არა სულის სიშიშვლე,რომელსაც სწყურია ცნობადობა.

ხალხს ასე გვჩვევია_ უაზრო აზრებს უფრო ვახმაურებთ,ვიდრე აზრიანს.


ყველა გზა მოდის ბავშვობიდან, მაგრამ არცერთი არ ბრუნდება უკან.


სინათლე ყოველთვის სჯობნის სიბნელეს, მაგრამ სიბნელით  ფასდება სინათლე.

воскресенье, 26 июня 2022 г.

წიგნი ,,შემოქმედი მასწავლებელი"

 

🏆სასიამოვნო დღე-წიგნის პრეზენტაცია;
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებული და სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი კონკურსი ,,შემოქმედი მასწავლებელი"
🏆კონკურსის ფარგლებში შერჩეულ იქნა 45 საუკეთესო ნაშრომი,რომელიც გამოიცა წიგნად;
🏆წიგნში შევიდა ჩემი საავტორო მოთხრობა ,,კარჩაკეტილი ცხოვრების ეპიზოდები"
🏆შეხვედრას უმასპინძლა ქალაქ რუსთავის ,,აკადემიურმა ქალაქმა",ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნიისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები,პრესისა და მედიის ჟურნალისტები;
🏆სიახლეს სპეციალური გვერდი დაუთმო ,,ლიტერატურულმა საქართველომ"
🏆შეხვედრას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი გარი ჩაფიძე და პედ.კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ლეილა გეგეშიძე;
🏆შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან.






კარჩაკეტილი ცხოვრების ეპიზოდები

 კარჩაკეტილი ცხოვრების ეპიზოდები

 სულში საოცარი ქარიშხალი უტრიალებს მარიამს. ასე აღელვებული არასდროს ყოფილა, ადგილი ვერ მონახა სამუშაო ოთახში. ხვალ გაკვეთილი უნდა ჩაატაროს. იკითხავთ , რა არის ამაში  უჩვეულო ? მართლაც, არაფერი უჩვეულო არ იქნებოდა , ჩვეულებრივ გაკვეთილს რომ ატარებდეს საკლასო ოთახში. ერთხანს ფანჯარასთან იდგა ჩაფიქრებული და ხელში კალამს ათამაშებდა. ამ კალმით ბევრჯერ გაუსწორებია მოსწავლეების ნაშრომები.

   დრო მიდის. დროს შეუძლია გადაუაროს ამაყ და მედიდურ,მაღალ და დაბალ მთებს და გაათანაბროს. დროს შეუძლია ძალიან სწრაფად შეცვალოს სამყარო.  და აი, ახლა უხილავ მტერს ებრძვის კაცობრიობა. სწრაფად შეცვლილ სამყაროში უიარაღოდ დარჩენილი ადამიანები დაბნეულ-შეშინებულნი შეყუჟულან სახლებში. გარეთ კი  გაზაფხული დგას.

 ,,ფანჯრიდან დაინახე გაზაფხული!“-იდუმალმა ხმამ ჩასძახა და გონება გაუნათა. მარიამი შემობრუნდა, მაგიდასთან დაჯდა , ფრთხილად გადმოიღო ჩანაწერებს დღიური, კალამი მოიმარჯვა და  ...

   ოჰ, როგორ მიყვარს გაზაფხული, სიცოცხლის ფეთქვა მიწიდან, გამთბარი მიწის და ჰაერის სუნი. ჰო, სუნი! სუნი, რომელიც თან სდევს აძგერებულ, ვნებამოძალებულ და ბობოქარ დედამიწას . ოჰ, როგორ მიყვარს სიცოცხლის გაცოცხლება გაზაფხულზე. ჰო, ეს სუნი საოცარია, სასიამოვნო და თბილი!

და რად არ გრძნობ ამას  შენ, ადამიანო? რით ხარ დაკავებული? სულ უფერული გრძნობებით სავსე, რად შეეჩვიე უემოციო ცხოვრებას, რად აღარ გხიბლავ  ეს სილამაზე?

განრისხდა მიწა და  ცა, ჰაერი და მზე, ვეღარ იტევს ზღვა  ვნებააშლილი იალქნების ქაოსურ რხევას და ეძებს შველას ყელში ბურთგაჩხერილი დედამიწა, სული ეხუთება შენი საქციელით. ბევრჯერ წვიმით ჩარეცხა , ცეცხლით გადაბუგა სიხისტე შენი, მაგრამ ვერაფრით დაგანახა სიცოცხლის ძალა.

შენ კი გაშლილი იალქნების დახურვას არ აპირებდი. განრისხდა და საკუთარი უსუსურობა დაგანახა. ჰო, დაგანახა ,თუ დაინახავ!

 და ახლა , ფანჯრიდან დაგანახა გაზაფხული, რომ შეგეგრძნო უფრო ძლიერად ვიდრე მაშინ, როცა ნება გქონდა ფეხშიშველა გევლო ცვრიან ბალახზე.

ისევ ისე შემოიპარა გაზაფხული ჩვენს ეზოებში, უფრო ლამაზად და ლაღად , ვიდრე მაშინმაგრამ ვერ ვგრძნობთ ამას, რადგან ჩვენ გვეხუთება სული ისე, როგორც ჩვენგან დამძიმებულ დედამიწას ეხუთებოდა მაშინ.

საოცარია, ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ და უმიზნოდ. უმისამართოდ წასულ ადამიანებს მოგვცა გზა...

ფანჯრიდან დაინახე გაზაფხული.  ნახე, ისევ ისე იღვიძებს მზე, ისევ ისე ჭიკჭიკებს ჩიტი, ისევ ისე იკვირტება ატამი ბაღში. ისევ ისე იწყებს ფეთქავს სიცოცხლე მიწის გამშრალი ძარღვებიდან. ისევ ისეთი იქნება ის, მაგრამ შენ უნდა იყო სხვანაირი, როცა გახვალ და შეეხები მას!

 მარიამმა კალამი დადო და შვება იგრძნო,  შინაგანი დაძაბულობისგანაც გათავისუფლდა .

-ისევ ისე შევაღებ საკლასო ოთახის კარს, ოღონდ ახლა  მე უნდა დავინახო სამყარო ჩემი ფანჯრიდან... ვირტუალური სარკმლიდან...კომპიუტერის ეკრანიდან! - თქვა და კომპიუტერს მიუჯდა.  

                  იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს მარიამს. უთენია ადგა,  საგულდაგუოდ გამოეწყო. მერე საკუთარ თავზე თვითონვე გაეცინა, მაგრამ მასწავლებელია და   ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.  

                  ვირტუალური გაკვეთილი ათ საათზე იყო ჩანიშნული. 5 წუთით ადრე გააქტიურა მარიამმა ონლაინ სივრცე. წკრიალა ზარის ნაცვლად გაკვეთილის დაწყება მასწავლებლის მიერ წამოწყებულმა შეხვედრამ  და ,,გალურჯებულ-გამწვანებულმა“ ღილაკმა  ამცნო  ეკრანთან მოკალათებულ გოგო-ბიჭებს.

,,ახლა, სწორედ ამ დროს, ნეტავ რა ხდება მოსწავლეებთან?“-ფიქრობდა მარიამი.

***

-გალურჯდააა, უნდა დავაჭირო ღილაკს?- ქოთქოთით ეკითხებოდა ცოტნე ბებოს.

-არ ვიცი , ბებო, ნინის დაუძახე ,დაგეხმარება!

***

-დედაა, დამეხმარე, ვერ შევდივარ!-დახმარებას ითხოვს ელენე.

-არაფერი გამეგება, მოიცა, ვინმეს დავურეკავ ,იქნებ მასწავლოს!-ამშვიდებს დედა.

***

-გამოჩნდა  მასწავლებელი , გამოჩნდაა! - გაკვირვებას ვერ მალავს გიო.

-მაჩვენე ,ბაბუ, შენი მასწავლებელი, დამანახე რავარია!-სათვალე მოიმარჯვა ბაბუამ და ეკრანს მიუახლოვდა.

-სირცხვილია, ბაბუ, შენც გამოჩნდები!-დაიმორცხვა გიომ და ფრთხილად შეაბრუნა ეკრანი.

           კლასის მოსწავლეების თითქმის ნახევარი უკვე შეიკრიბა ვირტუალურ საკლასო ოთახში. მასწავლებელი მიესალმა პატარებს და მუშაობის  წესები  აუხსნა. შემდეგ კი მომზადებული საპრეზენტაციო მასალა გაუზიარა და საგულდაგულოდ დაგეგმილი გაკვეთილის მსვლელობა დაიწყო. ხან სიჩუმე აღიზიანებდა , ხან კი მოსწავლეების უკონტროლო წამოძახილი. როგორც იქნა, დასრულდა გაკვეთილი.

,,ეს თუ გაკვეთილი იყო!“- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარიამმა.

 ასე დაღლილი არასოდეს ყოფილა და ასეთი უკმაყოფილო საკუთარი თავით. რამხელა პასუხისმგებლობაა  შენი გაკვეთილი ჩაიბაროს მოსწავლეების მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა,ნათესავებმა, და კიდევ, ვინ იცის ვინ?

გაორმაგებული პასუხისმგებლობა, გათენებული ღამეები, მუდმივი ძიების პროცესი, მოულოდნელობით აღსავსე გაკვეთილები- ასეთი იყო პანდემიური გაზაფხული მასწავლებლებისთვის.

მარიამი ყოველთვის ცდილობდა რაღაც ახალი აღმოეჩინა და ყოველი გაკვეთილი სიახლეეებით დაეტვირთა, მაგრამ მაინც ძნელი იყო მისთვის. თითქოს ყველაფერმა ფერი იცვალა, მატერიალური - ცარცი, დაფა, წიგნი,მერხი,კალამი, რვეული-ვირტუალურმა ჩაანაცვლა.

   ფუნქციადაკარგული ცარცი, მოწყენილი დაფა, გადაუშლელი წიგნი, მტვერმოკიდებული მერხები, მტირალი კალმები, წიგნეში ჩადებული რვეულები, კუთხეში მიმალული სასკოლო ჩანთა- ასეთი იყო კარჩაკეტილი ცხოვრების პეიზაჟი.

   ვირტუალურ სივრცეში გაჩნდა უამრავი ჯგუფი , მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას. თითქოს რაღაცნაირად დაახლოვა , გააერთიანა კოლეგები პანდემიამ. გაახსენდათ, რომ ურთიერთგაზიარება მათი პროფესიული პასუხისგებლობაა . მარიამიც ასე იქცეოდა, მუდმივად ეცნობოდა დამხმარე ლიტერატურას, ისმენდა ტრენინგებს, ეკითხებოდა რჩევას კოლეგებს და შედეგიც მიიღო -  მის გაკვეთილებს მოუთმენლად ელოდნენ მოსწავლეები.

   იყო უცნაური და სახალისო ფაქტებიც, წამოძახილებიც, გათიშვებიც, საოჯახო ხმებიც, კარნახიც,დუმილიც...

***

-უპასუხე, უპასუხე , ამოიღე ხმა!- საყვედურნარევი ტონით ეუბნება დედა დათოს.

***

-ჩემთან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმის და ვერ ვწერ!-ამბობს ანანო.

-ჰოდა, შენც ნაწყვეტ-ნაწყვეტ წერე !- იუმორნარევი ხმით ამშვიდებს ბაბუ.

***

-ბარბარე,  აქ ხარ? გვიპასუხე!-თბილი ხმით ეუბნება მასწავლებელი.

-ბოდიში, მარი მასწავლებელო, ბარბარე საპირფარეშოშია გასული და მალე მოვა. -მშვიდად პასუხობს ბარბარეს დედიკო.

მასწავლებელს მხოლოდ  ეღიმება და უპასუხოდ ტოვებს.  

       ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის  საღამო ხანს მარი საუთარ სამუშაო მაგიდასთან დაჯდა.კომპიუტერი გახსნა მოსწავლეებისთვის მიცემული დავალებები უნდა გაესწორებინა. ჩანდა, რომ მისთვის შეტყობინება იყო მოსული. მარიამმა გახსნა და აი, სიურპრიზიც-  მშობლებისგან დაწერილი სამადლობელი წერილი.

,, ყველაზე თბილ, ყურადღებიან , გაწონასწორებულ ,მცოდნე, ნიჭირ, ენერგიულ მარი მასწავლებელს მადლობა ჩვენგან. გისმენდით, გიცქერდით, გელოდით და არ გვწყინდებოდა. გაგიკვირდებათ და თქვენგან ბევრი რამ ვისწავლეთ კიდეც. თქვენ ,თქვენს გაკვეთილებთან ერთად იქეცით ჩვენი კარჩაკეტილი სამყაროს ნათელი წერტილი. გამუქებული ფერები თქვენ გააფერადეთ. გავხდით თანამონაწილე სასწავლო პროცესის, დავინახეთ ჩვენი თავი და ჩვენი როლი ამ პროცესში. ხმამაღალი და გულწრფელი მადლობა თქვენ!

                                                                     მესამე კლასის მოსწავლეების მშობლები“

 მოულოდნელმა სიურპრიზმა მარიამი ცოტა ააფორიაქა, რამდენჯერმე ჩაიკითხა, სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაურბენდა ხოლმე.ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო მისთვის. შენს შრომას ხედავენ, აფასებენ და აღიარებენ -ეს განსაკუთრებულად ამაღლებული შეგრძნებაა. მარიამი თვლიდა , რომ საამისო არაფერი გაუკეთებია, მაგრამ გულში უსაზღვროდ კმაყოფილი   იყო.

თუ ადამიანი იშრომებს, იბრძოლებს,ბოლომდე დაიხარჯება, სულსა და გულს უანგაროდ ჩადებს იმ საქმეში, რომელსაც ემსახურება , აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

მოსწავლეებისგან მიღებული თბილი სიტყვებისგან მარი მასწავლებელი განებივრებული იყო, მაგრამ მშობლების საჯარო აღიარებამ და ამ სიტყვებმა კი ერთ რამეზე დააფიქრა- ყველაზე ცუდშიც კი შეიძლება მოძებნო დადებითი. შექმნილმა სიტუაციამ მშობლები კიდევ უფრო დაახლოვა საკუთარ შვილებს. სასწავლო პროცესის უშუალო თანამონაწილე გახადა . ამან  კი თვალნათლივ დაანახა ის სირთულე, რაც ახლავს სწავლა-აღზრდის პროცესს. მაშ, ეს ხომ დადებითია?! ხაზგასმით წარმოაჩინა მასწავლებლის როლი და ამ პროცესში მშობლის უდიდეს,არანაკლებ,  მნიშვნელოვან როლზე გააკეთა აქცენტი. მაშ, არ ვუთხრათ მადლობა პანდემიას? ვუთხრათ, ნამდვილად ეკუთვნის!

დრომ სწრაფად გაირბინა. ამ ხნის მანძილზე იყო გადაფასება, დაფასება, დანანება, მწუხარება, შიშიც, გამარჯვებაც, გაბრაზებაც, გახარებაც...

 რაღაცას შეეგუა კაცობრიობა, რაღაცას ვერა. ხშირად იყო მონატრება ვიღაცის,  ან რაღაცის. გამოჩნდა ახალიც , ამავდროულად , გადაფასდა და დაფასდა ძველი ღირებულებები. და მაინც, კარჩაკეტილმა ცხოვრებამ თავისი კვალი დატოვა ყველგან და ყველაფერში- ზოგან დადებითი და ზოგან უარყოფითი.

სიყვარულია ყველაფრის სათავე და საფუძველი. თუ შეყვარება არ შეგიძლია მოსწავლის, საგნის, საქმიანობის, მაშინ არაფერი ესაქმება ამ სფეროში ადამიანს. საკუთარი მოსწავლეების და საქმის სიყვარულმა აჩვენა გზა და გამოსავალი.

მარი მასწავლებელმა კარგად იცოდა , რომ იქნებოდა დაბრუნებაც და იცოდა,რომ  მის წინაშე დადგებოდა ბევრი ახალი ამოცანა.

             დედოფალს ჰგავდა საკლასო ოთახი- გაფერადებული, გაფურჩქნული,
ლამაზად მორთული , დაბანილ -დავარცხნილი. მონატრებულ პატარებს ელოდა, ამიტომაც საგანგებოდ გამოეწყო და გულისფანცქალით გაჰყურებდა შემოსასვლელ კარს.

,,რამდენი ხანია არ შემოუღიათ კარი მხიარულ გოგო-ბიჭებს. ნეტავ როგორები არიან? ისე მოულოდნელად წავიდნენ, ალბათ, ძალიან მოვენატრე.“-ფიქრობდა საკლასო ოთახი. ხანდახან გაფურჩქნულ კაბას ფანჯრიდან მონაბერი ნიავი შეურხევდა.

აი, დადგა მონატრებული დრო, ასე რუდუნებით, რომ ელოდა ყველა. ოთახში არსებული სიჩუმე პატარა ბიჭის ფეხის ხმამ დაარღვია.

-მე პირველი ვარ!- თქვა მან. მერე ირგვლივ მიმოიხედა და პირველ მერხთან მოკალათდა. მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს-მეოთხე... საკლასო ოთახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორ უნდოდა ესაუბრა, გამოეხატა თავისი გრძნობები, მაგრამ ვერ ახერხებდა, სამაგიეროდ უსიტყვოდ უსმენდა პატარების ჩურჩულს და ტკბებოდა მათი მოციმციმე თვალების ცქერით.

- კაკ, კუკ!---გაისმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმა , კარი მასწავლებელმა შემოაღო. თბილი და მონატრებული მზერა მიმოავლო მოსწავლეებს.

-ჩემო მონატრებულებო!- ხალისიანი ხმით წარმოთქვა მასწავლებელმა. ბავშვები წამოდგნენ, გიორგი წამოხტა და მასწავლებლის ჩასახუტებლად გაქცევა დააპირა, ორი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა.

-,,კორონა!"- უკანა მერხიდან თანაკლასელმა მიაძახა.

 გიო ცოტა ხანს შეჩერდა, მერე თავი მაღლა ასწია და  მოსიყვარულე თვალებით  მასწავლებელს შეაცქერდა.

მასწავლებელმა იცოდა გიოს ხასიათი. ის  ემოციური, მოუსვენარი და ძალიან მოსიყვარულე ბიჭი იყო, ამიტომ  უარის თქმით გულს ატკენდა მას.

       მოდი, გიო, ძალიან მომენატრე , მოგეფერები!- უთხრა მასწავლებელმა.

გიოს გაბედულ ნაბიჯს ყველამ მიბაძა . ვირუსი აღარავის გახსენებია.

საკლასო ოთახი მდუმარედ ადევნებდა თვალს ყველაფერს. არც მისი კაბა შეუნიშნავს ვინმეს და არც მონატრება გამოუხატავს მის მიმართ.

კლასში რამდენიმე გაკვეთილი ჩატარდა. საკლასო ოთახმა ყველას უმასპინძლა. ბოლო გაკვეთილიც გამოვიდა.  სასკოლო რეჟიმს გადაჩვეულმა მოსწავლეებმა ზარის ხმა გაიგონეს, ჩანთებს ხელი დაავლეს და კლასიდან გაცვივდნენ.

მიმობნეული ნივთები, აწეწილი ფარდები, დანაკუწებული ქაღალდები, წაუშლელი დაფა, შემობრუნებული მერხები, მერხის ქვეშ დარჩენილი სასწავლო ნივთები...

განაწყენებული იყო საკლასო ოთახი, პირქუში და მოწყენილი. ნეტავ რატომ? ბრაზი ახრჩობდა და გულისწყვეტით ფიქრობდა:

,,როგორ ველოდი, როგორ მენატრებოდნენ, ისინი კი სრულიად შეცვლილები დაბრუნდნენ. ვერც კი შეამჩნიეს ჩემი სილამაზე. მერე კიდევ როგორ მომექცნენ, ნუთუ ამის ღირსი ვარ?! ბრძოლის ველს ვგავარ დღის ბოლოს. არც ერთს არ გასჩენია სურვილი ეზრუნა ჩემზე, ცოტა მაინც შეემსუბუქებინათ . ჩემს ზურგზე გადაიარეს, ირბინეს, ინავარდეს და მერე უკანმოუხედავად გაიქცნენ გარეთ. გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი! აი, ხვალ აღარ შემოვუშვებ და ნახონ მერე! მერე დამაფასებენ!

თითქოს მართლა განაწყენდაო, ორპირმა ქარმა კარი მაგრად მიაჯახუნა.

ბრახ! -გაისმა ხმა და კარი საკეტით ჩაიკეტა.

ნეტავ რა მოხდება ხვალ? გაიღება  კარი? ან ვინ შეირიგებს განაწყენებულ საკლასო ოთახს?

                                                                                   ავტორი ბაია მაჩიტიძე


უსათაურო