დედოფალს ჰგავდა საკლასო ოთახი- გაფერადებული, გაფურჩქნული,
ლამაზად მორთული , დაბანილ -დავარცხნილი.
მონატრებულ პატარებს ელოდა, ამიტომაც საგანგებოდ გამოეწყო
და გულისფანცქალით გაჰყურებდა შემოსასვლელ კარს.
-რამდენი ხანია არ შემოუღიათ კარი მხიარულ გოგო-ბიჭებს.
ნეტავ როგორები არიან? ისე მოულოდნელად წავიდნენ, ალბათ, ძალიან მოვენატრე-ფიქრობდა
საკლასო ოთახი. ხანდახან გაფურჩქნულ კაბას ფანჯრიდან მონაბერი ნიავი შეურხევდა.
აი, დადგა მონატრებული დრო, ასე რუდუნებით, რომ ელოდა
ყველა. ოთახში არსებული სიჩუმე პატარა ბიჭის ფეხის ხმამ დაარღვია.
-მე პირველი ვარ!- თქვა მან. მერე ირგვლივ მიმოიხედა და პირველ
მერხთან მოკალათდა. მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს-მეოთხე... საკლასო ოთახის სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა, როგორ უნდოდა ესაუბრა, გამოეხატა თავისი გრძნობები, მაგრამ ვერ
ახერხებდა, სამაგიეროდ უსიტყვოდ უსმენდა პატარების ჩურჩულს და ტკბებოდა მათი მოციმციმე
თვალების ცქერით.
- კაკ, კუკ!---გაისმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმა
, კარი მასწავლებელმა შემოაღო. თბილი და მონატრებული მზერა მიმოავლო მოსწავლეებს.
-ჩემო მონატრებულებო!- ხალისიანი ხმით წარმოთქვა მასწავლებელმა.
ბავშვები წამოდგნენ, გიორგი წამოხტა და მასწავლებლის ჩასახუტებლად გაქცევა დააპირა,
ორი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა.
-,,კორონა!"- უკანა მერხიდან თანაკლასელმა მიაძახა.
-გიო ცოტა ხანს შეჩერდა, მერე თავი მაღლა ასწია და მოსიყვარულე თვალებით მასწავლებელს შეაცქერდა.
მასწავლებელმა იცოდა გიოს ხასიათი. ის ემოციური, მოუსვენარი და ძალიან მოსიყვარულე ბიჭი
იყო, ამიტომ უარის თქმით გულს ატკენდა მას.
-
მოდი,
გიო, ძალიან მომენატრე , მოგეფერები!- უთხრა მასწავლებელმა.
გიოს გაბედულ ნაბიჯს ყველამ მიბაძა ... ვირუსი აღარავის
გახსენებია...
საკლასო ოთახი მდუმარედ ადევნებდა თვალს ყველაფერს.
არც მისი კაბა შეუნიშნავს ვინმეს და არც მონატრება გამოუხატავს მის მიმართ.
კლასში რამდენიმე გაკვეთილი ჩატარდა. საკლასო ოთახმა
ყველას უმასპინძლა. ბოლო გაკვეთილიც გამოვიდა. სასკოლო რეჟიმს გადაჩვეულმა მოსწავლეებმა ზარის ხმა
გაიგონეს, ჩანთებს ხელი დაავლეს და კლასიდან გაცვივდნენ.
მიმობნეული ნივთები, აწეწილი ფარდები, დანაკუწებული
ქაღალდები, წაუშლელი დაფა, შემობრუნებული მერხები, მერხის ქვეშ დარჩენილი სასწავლო
ნივთები...
განაწყენებული იყო საკლასო ოთახი, პირქუში და მოწყენილი.
ნეტავ რატომ??/ბრაზი ახრჩობდა და გულისწყვეტით ფიქრობდა:
--როგორ ველოდი, როგორ მენატრებოდნენ, ისინი კი სრულიად
შეცვლილები დაბრუნდნენ. ვერც კი შეამჩნიეს ჩემი სილამაზე. მერე კიდევ როგორ მომექცნენ,
ნუთუ ამის ღირსი ვარ?! ბრძოლის ველს ვგავარ დღის ბოლოს. არც ერთს არ გასჩენია სურვილი
ეზრუნა ჩემზე, ცოტა მაინც შეემსუბუქებინათ ... ჩემს ზურგზე გადაიარეს, ირბინეს, ინავარდეს
და მერე უკანმოუხედავად გაიქცნენ გარეთ. გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი! აი, ხვალ აღარ
შემოვუშვებ და ნახონ მერე...! მერე დამაფასებენ!
თითქოს მართლა განაწყენდაო, ორპირმა ქარმა კარი მაგრად
მიაჯახუნა.
--ბრახ! -გაისმა ხმა და კარი საკეტით ჩაიკეტა.
ნეტავ რა მოხდება ხვალ? გაიღება კარი? ან ვინ შეირიგებს განაწყენებულ საკლასო ოთახს?
ავტორი ბაია მაჩიტიძე
10.10.2020
Комментариев нет:
Отправить комментарий