суббота, 19 июня 2021 г.

ეს შენ შეგინახე!


ზარი დაირეკა.

-ახლა ჭამის დროა!-თქვა გიომ.

ბავშვებმა ჩანთებიდან ამოალაგეს შინიდან წამოღებული  ულუფები და  მისართმევად მოემზადნენ. დათო ჩუმად იჯდა. მან  ჩანთიდან ქართულის სახელმძღვანელო ამოიღო მერხზე დადო, გადაშალა და კითხვა დაიწყო . ხანდახან  თვალს თანაკლასელებისკენ აპარებდა. დაკვირვებულმა ბარბარემ ეს მალევე შეამჩნია.  ღვეზელი აიღო, ხელსახოცში ფრთხილად შეახვია და დათოს გაუწოდა.

-აიღე, შენი იყოს!-უთხრა მან.

-მერე შენ?-ჩაიბუტბუტა დათომ , ბარბარესთვის არც კი შეუხედავს ისე.

- მე ერთი უკვე მივირთვი, მეტი არ მინდა. - მიუგო ბარბარემ.

დათომ ღვეზელი აიღო , ჩაკბიჩა და გაჩერდა. მერე ღვეზელი შუაზე გატეხა,  ნახევარი იმავე  ქაღალდში გაახვია და მალულად ჩაიდო ჩანთაში. მხოლოდ ორი ლუკმა შეხვდა.

მალე გაკვეთილიც დაიწყო . მასწავლებელმა ახალი მასალა ახსნა. საინტერესო და მხიარული გაკვეთილი მალე გამოვიდა. ზარი დაირეკა თუ არა, დათომ ჩანთაში ხელი ჩააცურა, შენახული ნახევარი ღვეზელი აიღო და გარეთ გავიდა.

-დათო, სად მიდიხარ? -შეეკითხა ამხანაგი- მოდი, ვითამაშოთ.

 დათოს პასუხის გაცემა თითქოს არც უნდოდა, მაგრამ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ეუხერხულა და მიაძახა: -ჩემი დაიკო უნდა ვნახო.

დათომ კიბეები სწრაფად ჩაირბინა და დაიკოს საკლასო ოთახის კარს მიადგა.  სწრაფად მიმოავლო თვალი პატარებს, მოძებნა დაიკო, მასთან მივიდა და ღვეზელი გაუწოდა.

-ეს შენ შეგინახე, ვიცოდი, რომ შენც არ გქონდა დღეს საჭმელი.

მარიამმა ღვეზელი გამოართვა და მაშინვე ჩაკბიჩა. დათო კმაყოფილი გამობრუნდა უკან. გულიდან დიდი დარდი მოეხსნა. დაიკო დანაყრებული ჰყავდა.

ავტორი ბაია მაჩიტიძე

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

უსათაურო