вторник, 20 октября 2020 г.

განაწყენებული საკლასო ოთახი


დედოფალს ჰგავდა საკლასო ოთახი- გაფერადებული, გაფურჩქნული,
ლამაზად მორთული , დაბანილ -დავარცხნილი.

მონატრებულ პატარებს ელოდა, ამიტომაც საგანგებოდ გამოეწყო და გულისფანცქალით გაჰყურებდა შემოსასვლელ კარს.

-რამდენი ხანია არ შემოუღიათ კარი მხიარულ გოგო-ბიჭებს. ნეტავ როგორები არიან? ისე მოულოდნელად წავიდნენ, ალბათ, ძალიან მოვენატრე-ფიქრობდა საკლასო ოთახი. ხანდახან გაფურჩქნულ კაბას ფანჯრიდან მონაბერი ნიავი შეურხევდა.

აი, დადგა მონატრებული დრო, ასე რუდუნებით, რომ ელოდა ყველა. ოთახში არსებული სიჩუმე პატარა ბიჭის ფეხის ხმამ დაარღვია.

-მე პირველი ვარ!- თქვა მან. მერე ირგვლივ მიმოიხედა და პირველ მერხთან მოკალათდა. მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს-მეოთხე... საკლასო ოთახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორ უნდოდა ესაუბრა, გამოეხატა თავისი გრძნობები, მაგრამ ვერ ახერხებდა, სამაგიეროდ უსიტყვოდ უსმენდა პატარების ჩურჩულს და ტკბებოდა მათი მოციმციმე თვალების ცქერით.

- კაკ, კუკ!---გაისმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმა , კარი მასწავლებელმა შემოაღო. თბილი და მონატრებული მზერა მიმოავლო მოსწავლეებს.

-ჩემო მონატრებულებო!- ხალისიანი ხმით წარმოთქვა მასწავლებელმა. ბავშვები წამოდგნენ, გიორგი წამოხტა და მასწავლებლის ჩასახუტებლად გაქცევა დააპირა, ორი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა.

-,,კორონა!"- უკანა მერხიდან თანაკლასელმა მიაძახა.

-გიო ცოტა ხანს შეჩერდა, მერე თავი მაღლა ასწია და  მოსიყვარულე თვალებით  მასწავლებელს შეაცქერდა.

მასწავლებელმა იცოდა გიოს ხასიათი. ის  ემოციური, მოუსვენარი და ძალიან მოსიყვარულე ბიჭი იყო, ამიტომ  უარის თქმით გულს ატკენდა მას.

-         მოდი, გიო, ძალიან მომენატრე , მოგეფერები!- უთხრა მასწავლებელმა.

გიოს გაბედულ ნაბიჯს ყველამ მიბაძა ... ვირუსი აღარავის გახსენებია...

საკლასო ოთახი მდუმარედ ადევნებდა თვალს ყველაფერს. არც მისი კაბა შეუნიშნავს ვინმეს და არც მონატრება გამოუხატავს მის მიმართ.

კლასში რამდენიმე გაკვეთილი ჩატარდა. საკლასო ოთახმა ყველას უმასპინძლა. ბოლო გაკვეთილიც გამოვიდა.  სასკოლო რეჟიმს გადაჩვეულმა მოსწავლეებმა ზარის ხმა გაიგონეს, ჩანთებს ხელი დაავლეს და კლასიდან გაცვივდნენ.

მიმობნეული ნივთები, აწეწილი ფარდები, დანაკუწებული ქაღალდები, წაუშლელი დაფა, შემობრუნებული მერხები, მერხის ქვეშ დარჩენილი სასწავლო ნივთები...

განაწყენებული იყო საკლასო ოთახი, პირქუში და მოწყენილი. ნეტავ რატომ??/ბრაზი ახრჩობდა და გულისწყვეტით ფიქრობდა:

--როგორ ველოდი, როგორ მენატრებოდნენ, ისინი კი სრულიად შეცვლილები დაბრუნდნენ. ვერც კი შეამჩნიეს ჩემი სილამაზე. მერე კიდევ როგორ მომექცნენ, ნუთუ ამის ღირსი ვარ?! ბრძოლის ველს ვგავარ დღის ბოლოს. არც ერთს არ გასჩენია სურვილი ეზრუნა ჩემზე, ცოტა მაინც შეემსუბუქებინათ ... ჩემს ზურგზე გადაიარეს, ირბინეს, ინავარდეს და მერე უკანმოუხედავად გაიქცნენ გარეთ. გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი! აი, ხვალ აღარ შემოვუშვებ და ნახონ მერე...! მერე დამაფასებენ!

თითქოს მართლა განაწყენდაო, ორპირმა ქარმა კარი მაგრად მიაჯახუნა.

--ბრახ! -გაისმა ხმა და კარი საკეტით ჩაიკეტა.

ნეტავ რა მოხდება ხვალ? გაიღება  კარი? ან ვინ შეირიგებს განაწყენებულ საკლასო ოთახს?

ავტორი ბაია მაჩიტიძე

10.10.2020

 

 

 

пятница, 3 апреля 2020 г.

ფანჯრიდან დანახული გაზაფხული

ოჰ, როგორ მიყვარს გაზაფხული! სიცოცხლის ფეთქვა მიწიდან. გამთბარი მიწის და ჰაერის სუნი. ჰო, სუნი! სუნი, რომელიც თან სდევს აძგერებულ, ვნებამოძალებულ და ბობოქარ დედამიწას . ოჰ, როგორ მიყვარს სიცოცხლის გაცოცხლება გაზაფხულზე. ჰო, ეს სუნი საოცარია, სასიამოვნო და თბილი!
და რად არ გრძნობ ამას  შენ, ადამიანო? რით ხარ დაკავებული? სულ უფერული გრძნობებით სავსე, რად შეეჩვიე უემოციო ცხოვრებას, რად აღარ გხიბლავ  ეს სილამაზე?
განრისხდა მიწა და  ცა, ჰაერი და მზე, ვეღარ იტევს ზღვა  ვნებააშლილი იალქნების ქაოსურ რხევას და ეძებს შველას ყელში ბურთგაჩხერილი დედამიწა, სული ეხუთება შენი საქციელით. ბევრჯერ წვიმით ჩარეცხა , ცეცხლით გადაბუგა სიხისტე შენი, მაგრამ ვერაფრით დაგანახა სიცოცხლის ძალა.
შენ კი გაშლილი იალქნების დახურვას არ აპირებდი. განრისხდა და საკუთარი უსუსურობა დაგანახა... ჰო, დაგანახა ,თუ დაინახავ!
და ახლა , ფანჯრიდან დაგანახა გაზაფხული, რომ შეგეგრძნო უფრო ძლიერად ვიდრე მაშინ, როცა ნება გქონდა ფეხშიშველა გევლო ცვრიან ბალახზე...
ისევ ისე შემოიპარა გაზაფხული ჩვენს ეზოებში, უფრო ლამაზად და ლაღად , ვიდრე მაშინ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ ამას, რადგან ჩვენ გვეხუთება სული ისე, როგორც ჩვენგან დამძიმებულ დედამიწას ეხუთებოდა მაშინ...
საოცარია, ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ და უმიზნოდ. უმისამართოდ წასულ ადამიანებს მოგვცა გზა...
ფანჯრიდან დაინახე გაზაფხული.  ნახე, ისევ ისე იღვიძებს მზე, ისევ ისე ჭიკჭიკებს ჩიტი, ისევ ისე იკვირტება ატამი ბაღში...ისევ ისე იწყებს ფეთქავს სიცოცხლე მიწის გამშრალი ძარღვებიდან...ისევ ისეთი იქნება ის, მაგრამ შენ უნდა იყო სხვანაირი, როცა გახვალ და შეეხები მას!
      3.04.2020
ბაია მაჩიტიძის ჩანაწერებიდან

უსათაურო