ოჰ, როგორ მიყვარს გაზაფხული! სიცოცხლის ფეთქვა მიწიდან. გამთბარი
მიწის და ჰაერის სუნი. ჰო, სუნი! სუნი, რომელიც თან სდევს აძგერებულ, ვნებამოძალებულ
და ბობოქარ დედამიწას . ოჰ, როგორ მიყვარს სიცოცხლის გაცოცხლება გაზაფხულზე. ჰო, ეს
სუნი საოცარია, სასიამოვნო და თბილი!
და რად არ გრძნობ ამას შენ, ადამიანო? რით ხარ დაკავებული? სულ უფერული
გრძნობებით სავსე, რად შეეჩვიე უემოციო ცხოვრებას, რად აღარ გხიბლავ ეს სილამაზე?
განრისხდა მიწა და
ცა, ჰაერი და მზე, ვეღარ იტევს ზღვა
ვნებააშლილი იალქნების ქაოსურ რხევას და ეძებს შველას ყელში ბურთგაჩხერილი
დედამიწა, სული ეხუთება შენი საქციელით. ბევრჯერ წვიმით ჩარეცხა , ცეცხლით გადაბუგა
სიხისტე შენი, მაგრამ ვერაფრით დაგანახა სიცოცხლის ძალა.
შენ კი გაშლილი იალქნების დახურვას არ აპირებდი. განრისხდა
და საკუთარი უსუსურობა დაგანახა... ჰო, დაგანახა ,თუ დაინახავ!
და ახლა , ფანჯრიდან დაგანახა გაზაფხული, რომ შეგეგრძნო
უფრო ძლიერად ვიდრე მაშინ, როცა ნება გქონდა ფეხშიშველა გევლო ცვრიან ბალახზე...
ისევ ისე შემოიპარა გაზაფხული ჩვენს ეზოებში, უფრო ლამაზად
და ლაღად , ვიდრე მაშინ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ ამას, რადგან ჩვენ გვეხუთება სული
ისე, როგორც ჩვენგან დამძიმებულ დედამიწას ეხუთებოდა მაშინ...
საოცარია, ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ და უმიზნოდ.
უმისამართოდ წასულ ადამიანებს მოგვცა გზა...
ფანჯრიდან დაინახე გაზაფხული. ნახე, ისევ ისე იღვიძებს მზე, ისევ ისე ჭიკჭიკებს
ჩიტი, ისევ ისე იკვირტება ატამი ბაღში...ისევ ისე იწყებს ფეთქავს სიცოცხლე მიწის გამშრალი
ძარღვებიდან...ისევ ისეთი იქნება ის, მაგრამ შენ უნდა იყო სხვანაირი, როცა გახვალ და
შეეხები მას!
3.04.2020
ბაია მაჩიტიძის ჩანაწერებიდან